ნატოს დღეების ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, დღეს პროექტში „დაბრუნება სკოლაში“ /Back to school - ჩაერთო და მშობლიურ ვაიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ლევან გორგილაძემ ახალგაზრდებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა, ხაზი გაუსვა ჰარმონიზაციისა და მითების საკითხს და მოსწავლეებს სრულფასოვანი განათლების მიღების სწრაფვისკენ მოუწოდა. საუბრისას მოიშველია მაგალითები, თუ როგორ შეძლო ჩაებარებინა წლების წინ ვაიოს სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლეს სასწავლებლებში და როგორი გახლავთ მისი წარმატებების გზა. შეხვედრას ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარაში ირმა გაბინაშვილი ესწრებოდა, რომელმაც მუნიციპალიტეტის მერი პროექტში აქტიურად ჩართვისთვის სპეციალური სერთიფიკატით დააჯილდოვა. პროექტის მიზანია საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეების ინფორმირება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული აქტივობების საშუალებით, ახალგაზრდები მეტ ინფორმაციას მიიღებს ნატოს ფუნქციების, მიზნების, პრინციპების შესახებ, აგრეთვე ნატო - საქართველოს ურთიერთობის და ამ პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს ლევან გორგილაძე, ირმა გაბინაშვილი და ქედის რესურსცენტრის დირექტორი დურმიშხან შავიშვილი პასუხობდნენ. ნატოს დღეები საქართველოში საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება. წელს ნატოს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება.