ქედის მუნიციპალიტეტის 14 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა დავით დუმბაძემ, გაერთიანების ხელმძღვანელთან აიშე თებიძესთან ერთად, ნამლისევისა და დოლოგნის საბავშვო ბაღებს ეწვია და აღსაზრდელებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ამჟამად ქედის მუნიციპალიტეტში სკოლამდელ განათლებას 677 აღსაზრდელი ეუფლება. წელს ბაგის ჯგუფში ჩაირიცხა 173 ახალი მოსწავლე, ხოლო სასკოლო ჯგუფი დაასრულა 190 მოზარდმა. ნამლისევის საბავშვო ბაღი გასულ წელს გაიხსნა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 249 000 ლარი იყო გამოყოფილი. ბაღი ორ ჯგუფზეა გათვლილი, სადაც სკოლამდელი განათლების მიღება 5 სოფლის აღსაზრდელებს შეუძლიათ. კომფორტულადაა მოწყობილი საძინებლები და სათამაშო ოთახები, სველი წერტილები, დამონტაჟდა იატაკქვეშა გათბობის სისტემა, კეთილმოეწყო ეზო და ა.შ. ნამლისევში ახალ სასწავლო წელს, ზუნდაგის საბავშო ბაღის აღსაზრდელებთან ერთად შეხვდნენ. ასევე ახლდაგარემონტებულია დოლოგნის ბაღის პირველი სართული, რისთვისაც მასწავლებლებმა თვითმმართველობას მადლობა გადაუხადეს. წონიარისის ახლადგარემონტებული ბაღი კი 18 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნება.