მეხფულე დუმბაძე 87 წლისაა და სოფელ აგოთაში მარტო ცხოვრობს. მიუხედავად ხანდაზმულობისა, აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობაში, ჰყავს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ამუშავებს მამისეულ მიწის ნაკვეთს. მისი ერთადერთი საკონტაქტო პირი სოფელში ,,შინ მოვლის" პროგრამის მოხალისეა. ქალბატონ მეხფულეს სააღდგომო ნობათით დღეს, ქედის მერი ლევან გორგილაძე, მოადგილე გურამ ბერიძე და ,,დახმარების ეროვნული ფონდის" ადგილობრივი მენეჯერი სტუმრობდნენ. ,,მეხფულე დუმბაძე ჩვენი პროგრამის ბენეფიციარია, რომელიც ცენტრიდან ყველაზე შორს ცხოვრობს და მამაცად უმკლავდება აქაურ ყოფას. ჩვენი ვალია სწორედ ასეთ მოქალაქეებთან, ხანდაზმულებთან ვიყოთ უფრო მეტად გულისხმიერები და გვერდში ვედგეთ როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. აუცილებლად ამ თვეში ამ საკარმიდამოში გავაკეთებთ სოლიდარობის აქციას და საგაზაფხულო სამუშაოებში წავეშველებით ქალბატონს" - აღნიშნა ლევან გორგილაძემ. მერის ინიციატივას მეხფულე დუმბაძე სიხარულით შეხვდა. ,,შინ მოვლის" პროგრამაში სულ 10 ბენეფიციარია ამ ეტაპზე ჩართული და ყველა მათგანი სპეციალურ ფუთებს დღეს მიიღებს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა უფასო სასადილოს 23 ბენეფიციარი მოინახულეს და პასქები, წითელი კვერცხები და ტკბილეულის ფუთები გადასცეს.