ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ №01-06/14 სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან 13 ესწრებოდა, რომლებმაც დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულომ დაამტკიცა ცვლილებები „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილებაში, რომლითაც დებულებაში აისახა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული რეგულაცია.

საკრებულომ მეორე საკითხად ,,ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილებები დაამტკიცა. მიღებული გადაწყვეტილებით, ქედის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადი შემცირდა სპორტის დარგში საქმიანობის განმახორცილებელი საწარმოებისთვის, ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივებისა და იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან მიმართებაში, რომლებიც გამოირჩევიან სპორტული ობიექტების განთავსების განსაკუთრებული ინტენსივობით.

დღის წესრიგის თანახმად სხდომამ მესამე საკითხად განიხილა და დაამტკიცა ,,ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი, რომლითაც შეიქმნა მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, რაც ერთმნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს აღნიშნული საკითხის მოწესრიგებას.

მეოთხე საკითხად საკრებულოს წევრებმა განიხილეს ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხაში ცვლილებები, რომლის საფუძველზეც დამტკიცდა საპრივატიზაციო ობიექტების განახლებული რეესტრი. საკითხს მხარი დამსწრეთა უმრავლესობამ დაუჭირა.

ასევე საკრებულომ ცნობად მიიღო ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2020 წლის III კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში.