აჭარაში მცხოვრებ 253 წარჩინებულ მოსწავლეს შორის, 13 ქედიდან იყო წარდგენილი, რომელთაც დღეს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ. რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრები აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა ზურაბ პატარაძემ და დავით გაბაიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა ,ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა, ქალაქ ბათუმისა და რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის მერებმა გადასცეს. ქედის მერმა ლევან გორგილაძემ მოსწავლეებს, მშობლებსა და განსაკუთრებით მასწავლებლებს მიულოცა წარმატებები და ქედელი მოსწავლეების დასაჩუქრების ცერემონიაში თავად მიიღო მონაწილეობა. წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში 2009 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებას. პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით, ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდს სწავლის თანაბარ პირობებს უქმნის. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა.