ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2018 წლის 28 სექტემბერს გაიმართა მორიგი №01-06/16 სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე ხელმძღვანელობდა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს, სხდომას 24 საკრებულოს წევრიდან 19 ესწრებოდა.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე. საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელმა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ამირან დევაძემ განმარტა, რომ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) გამოცემის თარიღად განსაზღვრულია 2018 წლის 26 ოქტომბრის მორიგი სხდომა, ხოლო განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2018 წლის 19 ოქტომბრის დღის 16:00 საათზე, რაც შეეხება დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეეძლებათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2018 წლის 18 ოქტომბრის დღის 18:00 საათამდე სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიაში.

საკრებულოს წევრებმა სხდომაზე მეორე საკითხად განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2018 წლის მიზნობრივი პროგრამების დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტი, რომელიც წარადგინა მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა მამია გვარიშვილმა, სხდომაზე მომხსენებელმა ისაუბრა ეკონომიის ხარჯზე აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთ აქტივობაზე თანხის გადატანის შესახებ, რომლის მიხედვითაც ახლებურად ჩამოყალიბდა ზემოთ აღნიშნული მიზნობრივი პროგრამა,

ხოლო რაც შეეხება ბოლო საკითხს, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ს თავმჯდომარის ვაჟა ბოლქვაძის მიერ იქნა წარდგენილი და რომელიც ეხებოდა „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთში მდებარე (ს/კ 21.01.37.341) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6628.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული 4564.39 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ფაქტიური მფლობელებისთვის საცხოვრებელ ბინებად საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისათვის გასაგზავნი მიმართვის ტექსტის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტს - არ იქნა საკრებულოს წევრების მიერ მხარდაჭერილი და გამოითქვა სხდომაზე არგუმენტირებული დასაბუთება, რომ აღნიშნულ თემაზე დღესაც მიმდინარეობს მთავრობის მიერ შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ბოლომდე განხორციელების შემთხვევაში სამართლებრივად მოწესრიგდება აღნიშნული საკითხი.