ქედის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში დღეს გამართულ სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე ქედის მუნიციპალიტეტის, დაბა ქედა, რუსთაველის ქ.№7-ში მდებარე ეგრეთ წოდებული ,,აკავრეთის პარკი“-სთვის ,,ფრიდონ ხალვაშის სახელობის ქედის ცენტრალური პარკი“-ს სახელის მინიჭების შესახებ საკრებულოს წევრის გოჩა გორგილაძის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა იქნა განხილული. საკითხის განხილვის მთავარ მიზანს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან კონსულტაცია წარმოადგენდა. საჯარო განხილვას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკრებულოს აპარატის უფროსის მუხრან სალაძის განცხადებით, საკრებულოში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც მოქალაქე რეზო ბერიძემ წარმოადგინა განცხადება ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რომელიმე გეოგრაფიულ ობიექტს (პარკი/ქუჩა) მინიჭებოდა საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის სახელი. მისივე განმარტებით, მოსახლეობასთან კონსულტაციის დასრულების, საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ინიციატივა შესათანხმებლად გადაეგზავნება გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას, სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების სახით მიიღებს გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ.