ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 სექტემბრის №01-06/15 რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს. სხდომას 24 წევრიდან 17 ესწრებოდა.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დამტკიცდა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფებში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების რაოდენობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევი სამოქმედო გეგმა, რომლის შესაბამისად 2-დან 3-წლამდე ასაკის ბავშვთა ჯგუფები დაკომპლექტდება არაუმეტეს 25 ბავშვისა, 3-დან 4-წლამდე, 4-დან 5-წლამდე ასაკის და სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფები - არაუმეტეს 30 ბავშვისა. ამასთან, თითოეულ ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების რაოდენობა 2-დან 3-წლამდე ასაკის ბავშვების ჯგუფებში იქნება 1:13-ზე თანაფარდობით, ხოლო 3-დან 4-წლამდე, 4-დან 5-წლამდე ასაკის და სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფებში - 1:15-ზე თანაფარდობით.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა სულიკო ჩხიკვაძემ სხდომაზე საკითხის წარდგენისას აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა შექმნას ხელსაყრელი გარემო თანამედროვე, ხარისხიანი, აღსაზრდელებზე ორიენტირებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარებისთვის და ბავშვების საკოლო მზაობისთვის. მისი ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე ქედაში 8 ახალი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება აშენდა, დამატებით 300-მდე აღსაზრდელს მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მუნიციპალური მომსახურებით.

სულიკო ჩხიკვაძის განცხადებით, არსებული რეალობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს აკისრია ვალდებულება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფები დააკომპლექტოს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მაქსიმალური ოდენობების გათვალისწინებით ამავე კანონით დადგენილ ვადებში. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო აღმზრდელ პედაგოგების/აღმზრდელების რაოდენობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად სამოქმედო გეგმის დამტკიცება.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 აგვისტოს №82 განკარგულებაში და შესწორდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემულ ობიექტთა საიდენტიფიკაციო კოდები.

სხდომამ ასევე იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება ქედის მუნიციპალიტეტის, დაბა ქედა, რუსთაველის ქ.№7ა-ში მდებარე ეგრეთ წოდებული ,,აკავრეთის პარკი“-სათვის ,,ფრიდონ ხალვაშის სახელობის ქედის ცენტრალური პარკი“-ს სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით (გარდაცვალების ვადის შეზღუდვასთან მიმართებაში) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ.

მორიგ სხდომაზევე დამტკიცდა და მიეცა თანხმობა ქედის მუნიციპალიტეტის მერს ლევან გორგილაძეს ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ორცვაში მდებარე 931.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა ((მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №21.03.32.176) და მასზე დამაგრებული სამი ერთეული (განაშენიანების ფართობი: №01/1 - 174,00 კვ.მ, №02/1 - 16.00კვ.მ და №03/1 - 12.00 კვ.მ) შენობა-ნაგებობის პირდაპირი განკარგვის წესით, შპს ,,ქედის წყალკანალი“-სათვის უვადო - მისი არსებობის პერიოდით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე.