2020 წლის 29 აპრილს, ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სააქტო დარბაზში, მორიგი №01-06/04 სხდომა ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების დაცვით გაიმართა. საკრებულოს ბიუროს მიერ დღის წესრიგით გათვალისწინებულ 5 საკითხს სხდომის დაწყებისას, საკრებულოს წევრთა თანხმობით დაემატა 3 საკითხი და ჯამში სხდომაზე 8 საკითხი იქნა განხილული.

პირველ საკითხად, საკრებულომ განიხილა ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. აღნიშნული ცვლილების მიხედვით, შეიცვალა დადგენილებით დამტკიცებული დანართის 53-ე მუხლი, კერძოდ, საგანგებო მდგომარეობის დროს, მათ შორის ეპიდემიის საფრთხით გამოწვეული მდგომარეობის გამო, საკრებულოს შეეძლება დისტანციური ფორმით სხდომის ჩატარება.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2020 წლის 18 თებერვლის კანონის (N5717-IIს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ცალსახად დადგინდა, რომ ,,მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების დროისთვის საჯარო მოხელეები ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები არიან, ამ კანონის ამოქმედებისთანავე ჩაითვალონ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად.“ აქედან გამომდინარე, საკრებულომ განიხილა „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. აღნიშნული ნორმატიული აქტით, ეს საკითხი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებთან.

მესამე საკითხად განხილული იქნა ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რაც გამოწვეული იყო ზემოთაღნიშნული ცვლილებით. ცვლილებების საფუძველზე განხორციელდა ქედის მუნიციპალიტეტის შიდა სამართლებრივ აქტებში აღნიშნული საკითხის მოწესრიგება, ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რიცხოვნობის შეთანხმება და განისაზღვრა 32 (ოცდათორმეტი) ერთეულით.

მერს მიეცა თანხმობა, გამართული და ეფექტური მუშაობისათვის, მათი შემდგომი ექსპლუატაციის, მოვლა პატრონობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით 5 (ხუთი) ერთეული მინი სპორტული მოედანი, სარგებლობის - უზუფრუქტის უფლებით გადასცეს ა(ა)იპ „ქედის სასპორტო სკოლა“-ს, რაც დადებითად წაადგება სპორტული ღონისძიებების ჩატარებას.

მერს ასევე მიეცა თანხმობა, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ფართი გადასცეს „იურიდიული დახმარების სამსახურს“, რომელიც მოქალაქეებს გაუწევს იურიდიულ დახმარებას.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, ვადიანი, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით შ.პ.ს. „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“-სათვის გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. აღნიშნული პროექტის მხარდაჭერით, მერს მიეცა თანხმობა, სარგებლობის უფლებით, 5 (ხუთი) წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრს“ გადასცეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი იქნა საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით, ააიპ „ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ თითოეულ აღსაზრდელზე განკუთვნილი სურსათის პროდუქტების გაცემის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. ააიპ „ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მიერ სრულად არის შესყიდული მიმდინარე წლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა კვებით უზრუნველყოფის მომსახურება. შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე დახმარების გაწევის მიზნით, უსასყიდლოდ განხორციელდება შესყიდული სურსათის პროდუქტების (გარდა მალფუჭებადისა) გაცემა.

საკრებულოს წევრების მიერ ცნობად იქნა მიღებული ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2019 წლის წლიური შესრულების შესახებ ანგარიში.